Loading
HIDE
Rotating Image

ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს გურიაში,სოფელ წითელმთაში, (შემოქმედის თემი) ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის დიდი შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა.

svg-style-line

ჯემალ ჭკუასელი 1935 წლის 18 მაისს გურიაში,სოფელ წითელმთაში, (შემოქმედის თემი) ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის დიდი შერმანდი ჭკუასელის ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობის წლებმა მშობლიური სოფლის წარუშლელ სილამაზეში, ქართული სიმღერის უსაზღვრო სიყვარულში, მშობლებისა და კუთხე-მეზობლების სიყვარულში ჩაიარა. 1955 წლიდან ჯემალ ჭკუასელი თბილისში გადმოდის საცხოვრებლად. იმ დროს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში არსებობდა გამორჩეულად კარგი ანსამბლი, რომელსაც ლოტბარი გოგი გუგუშვილი ხელმძღვანელობდა. ანსამბლის სიყვარულით მოხიბლულმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და ჯემალი 1962 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტად ჩაირიცხა. შემდეგ კი, ინსტიტუტში ჩამოყალიბებულმა მოყვარულ მსახიობთა დასმა გაიტაცა. პირველად „მაია წყნეთელში“ ითამაშა. მერე მისმა „ბეჟანამ“ ნამდვილი სენსაცია გამოიწვია თეატრალურ საზოგადოებაში, ურჩევდნენ კიდეც ამ გზას გაჰყოლოდა, მაგრამ გენი მაინც გენია... ისევ საყვარელ ანსამბლს მიაშურა. 1976 წელს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში (დღევანდელი „ერისიონი“) კონკურსი გამოცხადდა. ჯემალმა მისი მეგობრების: ჯანსუღ კახიძის, ჯანო გიორგაძის, მიშიკო შენგელიას, გურამ საღარაძის, დათო ბერძენიშვილის, ზაურ ბოლქვაძის და სხვების დაჟინებული თხოვნით მიიღო მონაწილეობა. მათთან დიდ ლოტბარს არამარტო მეგობრობა, არამედ საინტერესო შემოქმედებითი გზაც აკავშირებდა. ეს იყო ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებაში ნამდვილად სწორად გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შემდგომში მას და ანსამბლს უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა. იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ეს მისი მეგობრების დიდი დამსახურება იყო.

svg-style-line

მისი სიტყვებია: „“ერისიონი“ ქართული ფოლკლორის მუზეუმია, ეს ის ანსამბლია, რომელიც ფრთებს შეასხამს ჩემს პროექტს“. ამ პროექტებით „ერისიონმა“ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია. უცხოური პრესა ანსმაბლის შესახებ წერდა: „ტორნადომ გაანგრია გალაქტიკა“ - წერდა „ერისიონის“ შოუ-პროგრამაზე გაზეთი „გალაქსი“ - (23 იანვარი, 2002წ. პარიზი) „რისი დამსახურებაა ტრიუმფი... უძველესის შერწყმა თანამედროვე ტექნიკასთან, რაც ხაზს უსვამს უძველეს საუკუნოვან ტრადიციებს“ - „ფრან სუარი“ (17.07.2004 წ. პარიზი) „ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ფოლკლორი. ეს უმაღლესი სრულყოფილებაა“ - (კიოლნერ შტატ-ანზეიგერ + კიოლნიშე რუნდშაუ, 20.06.2007წ) „ქართველი მომღერლები და მოცეკვავეები აღგვაფრთოვანებენ თავიანთი შემოქმედებით“ – (ლოს-ანჯელეს ტაიმსი, 26.01.2000წ. აშშ) და ა.შ. თავად ჯემალ ჭკუასელი კი ამბობს: „გალაღებული ცხოვრება არასდროს მქონია, მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც გათენება მიხარია, ვინაიდან ყოველდღე დიდებული სანახაობით ვტკბები“.

Back to top